„ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის“ - ექსპერტიზის ბიურო

პუბლიკა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა და შემაჯამებელი დოკუმენტი მზად არ არის.

„გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა და თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.