ერაყის პრემიერ-მინისტრს უპილოტოებით დაესხნენ თავს

პუბლიკა

ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრის მუსტაფა ალ-კადიმის რეზიდენციაზე უპილოტო სფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, პრემიერი თავდასხმას უვნებელი გადაურჩა.

როგორც Reuters წერს, დაშავდა კადიმის მომსახურე პერსონალის 6 წევრი, რომლებიც ე.წ. მწვანე ზონაში რეზიდენციის გარეთ იყვნენ.

ადგილობრივი გამოცემა INA შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერის რეზიდენციას სამი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, ორი მათგანის ჩამოგდება შეძლეს, მესამე კი რეზიდენციის შენობას დაეჯახა.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც განთავსებულია სამთავრობო შენობები, საელჩოები და პრემიერის რეზიდენცია, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მაგრამ ის ერაყში 10 ოქტომბერს გამართული არჩევნების შემდეგ მიმდინარე დაპირისპირებას მოჰყვა. ირანის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც მფარველობენ შეიარაღებულ ფორმირებებსაც პარლამენტში მანდატების დიდი რაოდენობა დაკარგეს.

ირანის მხარდაჭერილმა ჯგუფებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, ორი დღის წინ კი მათსა და სამართალდამცველებს შორის ბაღდადში დაპირისპირებაც მოხდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავადსხმას გამოეხმაურნენ საუდის არაბეთისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს და დაგმეს. აშშ-მა ერაყს მის გამოძიებაში დახმარებაც შესთავაზა.