ერდოღანი პუტინს: ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს მოლაპარაკებებისთვის

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას პუტინს უთხრა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოებას შექმნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

საუბრისას განიხილეს თურქეთი-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.

საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ მისასალმებელია მისი განცხადება იმის შესახებ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდეს სტამბოლში, იქ სადაც ის 2022 წელს შეწყდა და რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რაც მოიტანს მუდმივ გამოსავალს.

ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად და რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, — წერია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.


ვლადიმერ პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.

პუტინის წინადადება დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თქვა, რომ ეს „პოტენციურად შესანიშნავი დღეა რუსეთისა და უკრაინისთვის!“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ პუტინის წინადადება „პირველი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი“.

პუტინს ზელენსკიმ უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ ის ხვალიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ პუტინის ნათქვამი არასწორად გაიგო და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შედგება, სანამ „კონფლიქტის ძირითად მიზეზებზე“ არ გაიმართება მოლაპარაკება.