თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს, რომ „კონსტრუქციულად“ უპასუხოს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც აშშ და უკრაინა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში შეთანხმდნენ.
ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია რუსეთის ომზე უკრაინაში თავიდანვე ნათელი იყო.
ამის შესახებ მან ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის მზადყოფნას მხარდაჭერისთვის, მათ შორის, მოლაპარაკებების მასპინძლობით, „თუ ბოლოს განვითარებული მოვლენები რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს“.
„იმედი გვაქვს, ჩვენი რეგიონი მალე გამოვა ხაფანგიდან, რომელშიც დიდი ხანია იმყოფება და მიაღწევს მშვიდობას და სტაბილურობას“, — თქვა ერდოღანმა.
—
11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ: „უკრაინა მზად არის, ცეცხლი შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ უკვე ცხადი იქნება, თუ ვინ აფერხებს მშვიდობას”.