თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეხმაურება სტამბოლის მერის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას და მის გუნდს „არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის თეატრისთვის”.
სატელევიზიო მიმართვაში ერდოღანმა თქვა:
„ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინოს შიდა კონფლიქტი ან კანონთან პრობლემები, როგორც ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა, უდიდესი თვალთმაქცობაა. ისინი ცდილობენ საკითხის პოლიტიზებას.
ოპოზიციამ იცის, რომ მინიშნებებისა და დოკუმენტების უმეტესი ნაწილი [იმამოღლუს საქმეზე] სასამართლო ხელისუფლებას მისი პარტიის წევრებმა გადასცეს.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის” პრობლემები არ არის ჩვენი ქვეყნის ან ხალხის პრობლემა. ეს არის ამბიციური ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფის პრობლემები საკუთარ ოფისებში. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას ან ალიანსს, დრო არ გვაქვს ოპოზიციის სპექტაკლისთვის“.
19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავეს, რასაც თურქეთის მასშტაბით ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
მედიის ცნობით, იმამოღლუ დაკავებულია კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში.
თურქეთის პროკურატურამ იმავე საქმის ფარგლებში დაკავების ბრძანება გასცა კიდევ 100 ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებზე.
ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროტესტო გამოსვლები 4 დღით აკრძალა. მიუხედავად ამისა, უკვე 2 ღამის განმავლობაში როგორც სტამბოლში, ისე – სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერი 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ერდოღანის და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ის იყო პირველი, რომელმაც დაამარცხა მმართველი გუნდი.
ერდოღანი თურქეთს უკვე 22 წელია, მართავს. იყო პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი კონსტიტუცია შეცვალა და მის საფუძველზე პრეზიდენტი გახდა. ის თანამდებობას 2028 წლამდე იკავებს და არ შეუძლია, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი, თუ კვლავ არ შეიცვალა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.
ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას 1.5 მილიონი წევრი მიიღებს და სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დასახელდეს, კვირას, 23 მარტს უნდა გაიმართოს. ექრემ იმამოღლუ პარტიიდან პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
CHP-მ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოს სიმბოლურ არჩევნებში, რათა მხარი დაუჭირონ სტამბოლის დაპატიმრებულ მერს.