ერდოღანმა 10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით 10 დასავლური სახელმწიფოს ელჩი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობითვე, საუბარია 10 ელჩზე, მათ შორის აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და ახალი ზელანდიის ელჩებზე.

არსებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის დიპლომატებმა ანკარას მოუწოდეს პატიმრობაში მყოფი თურქი სამოქალაქო აქტივისტის და ფილანტროპის ოსმან კავალას  გათავისუფლებისკენ,

„მივეცი შესაბამისი ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი რა უნდა გაკეთდეს: ამ 10 სახელმწიფოს ელჩი საბოლოო პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ ყველაფერი გასაგები იქნება“,- განაცხადა ერდოღანმა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ესკისეჰირის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

გასულ კვირას ამ დასავლური სახელმწიფოების ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ კავალას უფლებები დარღვეული იყო და თურქეთის მთავრობას საქმის სასწრაფო დასრულებისა და კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

მოგვიანებით, საპასუხო განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც დიპლომატების განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.


პერსონა ნონ გრატად, ანუ არასასურველ პირად გამოცხადება დიპლომატიური ტერმინია და ის ქვეყნიდან დიპლომატის გაძევების მიმართულებით პირველ ნაბიჯად მიიჩნევა.