ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ შავ ზღვაში გემების უსაფრთხოებას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარების პროცესს

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და უთხრა, რომ ნაბიჯები შავ ზღვაში სანავიგაციო უსაფრთხოების მისაღწევად ხელს შეუწყობს უკრაინასთან სამშვიდობო ძალისხმევას.

თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ძალისხმევას და გაიმეორა შეთავაზება, მოლაპარაკებების მასპინძლობის შესახებ, რათა მიაღწიონ ღირსეულ და მდგრად მშვიდობას.

განცხადების მიხედვით, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, რათა შავი ზღვა კონფლიქტის ზონად არ იქცეს.

25 მარტს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება შედგა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე. კრემლის განცხადებით, შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ რუსულ ბანკებს, რომლებიც საკვებისა და სასუქის ექსპორტთან არიან კავშირში, სანქციები მოეხსნებათ და ისინი სრულად დაუბრუნდებიან SWIFT-ის სისტემას.