ერეკელე კუხიანიძის საკითხზე კამათისას საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე მოითხოვა, რომ დეპუტატ ერეკელე კუხიანიძეს კომიიის სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ კამათში ჩაერთო დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი და ამის შემდეგომ მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

„მაშინ, როცა ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობაშია და ოკუპანტებმა წელიწადი და 9 თვე მიუსაჯეს, ამ დროს ეს კაცი თბილად გადაადგილდება, მეტიც, დიდი პატივით ხვდება „ქართული ოცნება“ და, თურმე, კომისიის სხდომაზე პეპლებზე ამ კაცთან ერთად უნდა ვისაუბრო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა კომისიის სხდომის დატოვების შემდეგ.


სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების აღშფოთება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ერეკლე კუხიანიძის facebook-სტატუსმა გამოიწვია.

მან facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქგვერდზე.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ მას დეპუტატის მანდატი დაეტოვებინა. „ქართულმა ოცნებამ“ კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინა.