ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია იმართება

პუბლიკა

საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციას „სამოქალაქო მოძრაობ“ მართავს. მათ ასევე შეუერთდნენ მოძრაობა „სირცხვილია“ და  „შეცვალე“.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებენ.

„იმის მაგივრად, რომ ცხინვალის საპატიმროში გამოკეტილი ვაჟა გაფრინდაშვილი ახლა მთელი სახელმწიფოსა და მთელი ერის გვერდში დგომას გრძნობდეს, ამის ნაცვლად ამ სახელმწიფოს წარმომადგენელი და ერთ-ერთი სახე, საკრებულოს, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დგას და ვაჟა გაფრინდაშვილს ეძახის პროვოკატორს, მის ოჯახს აგინებს“, –  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს.

„ეს კაცი არის ნაგავი და ნაგვის ადგილი არის სანაგვეზე“, – თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილი მოუწოდებდა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, რომ  აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

„გვითხრას, როდის მიდის და ტოვებს საკრებულოს ის ამაზრზენი კუხიანიძე“, – ამბობს ელისაშვილი.

 

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.