ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

პუბლიკა
content image

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცის თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი ამბობს, რომ კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს და არა საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან მისი თქმით,  საკრებულოს დეპუტატის მანდატი შესაძლებელია იურიდიულად მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს დეპუტატმა.

გუშინ ხმაური იყო საკრებულოში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში სტიკერები გააკრეს „ვაჟა ექიმი გმირია“. ამით აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციის დეტუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გაყვანის დროს ხელი მსუბუქად დაუზიანდა. მოგვიანებით კი კაბინეტიდან პოლიციამ და დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა აქტივისტები.


აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.