სომხეთში, ერევნის ცენტრში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, მისი მომხარეები შეიკრიბნენ. პრემიერი აქციაზე სიტყვით ამ წუთებში გამოდის. ფაშინიანის აქციის პარალელურად, სომხეთის ეროვნულ ასამბლეასთან ოპოზიციური გაერთიანების „ეროვნული ხსნის მოძრაობის“ ორგანიზებით შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.
ვითარება სომხეთში 25 თებერვალს, მას შემდეგ დაიძება, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გადაყენების ბრძანება გასცა, გენშტაბმა კი განცხადება გაავრცელა და პრემიერსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.
ფაშინიანმა სამხედროების პოზიცია „სამხედრო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. პარალელურად გენშტაბისადმი სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მათი მხარდამჭერები. გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გადაყენების ბრძანებას კი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჯერჯერობით ხელს არ აწერს.
ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შორის დღეს შეხვედრაც გაიმართა. სომხეთის პრემიერმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბარში ფაშინიანის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებაც განიხილეს, როცა პრემიერმა თქვა, რომ ცნობილი რუსული სარაკეტო სისტემა „ისკანდერი“ უსარგებლო აღმოჩნდა. ფაშინიანის ეს კომენტარი მოსკოვში გააკრიტიკეს. დღეს, პუტინთან საუბრის შემდეგ, ფაშინიანის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსულ ტექნიკაზე პრემიერს თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისის დაწყება ერთი მოსაზრებით სწორედ პრემიერის ამ კომენტარს უკავშირდება, რომელიც გენშტაბის უფროსის მოადგილემ ტიგრან ხაჩატრიანმა არასერიოზულად მიიჩნია, საპასუხოდ კი ფაშინიანმა მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.