ერევანში უარყოფენ ბაქოს მტკიცებას, თითქოს სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა

პუბლიკა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო იერიშის მიტანა სცადა.

სომხეთის ხელისუფლება დაბომბვის მცდელობას უარყოფს და აზერბაიჯანის ბრალდებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეფანიანის თქმით, სომხეთის სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას არ ვიღებთ მიზანში. თუმცა, ნებისმიერი ადგილი, საიდანაც არცახის მიმართულებით ცეცხლს გახსნიან, განადგურდება“, – აცხადებს შუშან სტეფანიანი.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-10 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.