ერგნეთში განიხილეს უკანონო პატიმრების გათავისუფლების და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტის საკითხი

პუბლიკა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 99-ე შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი იყო რუსი ჯარისკაცების მიერ ღოღეთთან და ტახტისძირში ბორდერიზაციის პროცესი, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დაბრუნების საკითხი.

მისი თქმით, შედგა საინტერესო დიალოგი და გრძელდება მოქალაქეების სახლებში დაბრუნების კუთხით მუშაობა. მისი თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე მეორე მხარისგან თანხმობა არის. სუს-ის წარმომადგენელი მოელის, რომ საერთაშორისო პარტნიორები გაააქტიურებენ ძალისხმევას ამ საკითხზე, და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს დადებითი მოლოდინი გაუმართლდებათ.

უკანონო ბორდერიზაციის შესახებ, ანთაძის თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ იქნებიან შეურიგებელი ბორდერიზაციის პროცესთან, რაც პირდაპირ კავშირშია, ე.წ. საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან.

„გარკვეულ ნიშნულამდე მისულები ვართ და ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება“, – თქვა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, დღეს არ განხილულა ოქონოს ხატის გადაცემის საკითხი, ხოლო რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს – ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე დეკლარირებულია. ანთაძემ წინა შეხვედრების დროს  არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი, რომელიც უსაფრთხოების დაცვის მიზნებს ემსახურება.