ერგნეთში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. 11-თვიანი პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ქართულ-ოსურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ჩართულობით გამართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, მარეკ შიგელის განცხადებით, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, კერძოდ, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსა და საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საკითხზე.

შეხვედრის დეტალებზე უფრო კონკრეტულად ქართული მხარის წარმომადგენლმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა. მისი თქმით, განიხილეს ყველა ის ინციდენტი, რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში დაგროვდა. მთავარი საკითხი იყო  საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობა. ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე პრინციპულად მოითხოვეს მათი უპირობო გათავისუფლება.

„ასევე, ვიმსჯელეთ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, სხვა ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში, ასევე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რომლებიც გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი“, – განაცხადა სუსის წარმომადგენელმა.

ირაკლი ანთაძემ ასევე ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რაც საოკუპაციო მხარის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეიტყვეს.

„ახალი არაფერი დაუმატებიათ, როგორც ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე ბესტაევის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ ვითხოვთ მათ უპირობოდ გათავისუფლებას. კონსულტაციებზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მივიღეთ ინფორმაცია, რომ გახელაძე თავს გრძნობს კარგად, უტარდება გეგმური სამედიცინო მომსახურება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ანთაძემ.

ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს მოქალაქე ღამურების დაჭერას ცდილობდა, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მღებრიშვილზე დაისვა კონკრეტული კითხვა, რა ფორმით იყო ჩამოყალიბებული ე.წ. ბრალი მის მიმართ. ანთაძე ამბობს, რომ მღებრიშვილს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში ედება.

„რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას“, – განაცხადა ანთაძემ.

ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს საკითხი, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი იყო.

სუს-ის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების რისკზე. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ კრძალავს ამგვარ აქტივობას, სასურველია, თუ ნებისმიერი პირი/ჯგუფი გაითვალისწინებს არსებულ ვითარებას და რისკს: „მსგავსი ტიპის აქტივობებს უნდა მოვეკიდოთ უაღრესი პასუხისმგებლობით“, – თქვა მან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, მხარეების შეხვედრებს ამიერიდან ინტენსიური ხასიათი ექნება და შემდეგი შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება.


საოუკპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესა და ხვიჩა მღებრიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ზაზა გახელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს, დაკავების პროცესში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხში.

რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილს, ის 3 ივლისს სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

მესამე პირი კი გენადი ბესტაევია, რომელიც გასული წლის ნოემბერში ზარდიანთკარში დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. ბესტაევს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.