უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებზე, რომლებზეც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის ტაძრები, მარიუპოლის თეატრი და სხვა შენობებია გამოსახული, ამბობს, რომ დარწმუნებულია, ეს არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას.
„მთავარ არხთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ არ სურდა ამ საკითხზე ესაუბრა, რადგან საქართველოში მალე არჩევნებია და ქართველებზეა დამოკიდებული ვის აირჩევენ – „ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს“.
„ჩვენ არასოდეს ჩავერევით სხვის შიდა საქმეებში, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას, ჩვენ საქმეებში ჩაერიოს. ამიტომაც მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი ხედავს სიმართლეს და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – თქვა ერმაკმა, „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით.
ინტერვიუში მან გაიხსენა, რომ ჰყავს ქართველი მეგობარი, რომლის ვაჟიც 2014 წლიდან იცავს უკრაინას და ამ ოჯახს უკვე უკრაინის მოქალაქეობა აქვს.
„გულწრფელად გეუბნებით, თქვენ საამაყო შვილები გყავთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ კი არ ჩამოვიდნენ უკრაინაში და გვეხმარებიან სხვადასხვა საშუალებით, ისინი მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ“, – თქვა ერმაკმა.
ერმაკმა ასევე გაიხსენა ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც მისი თქმით, ბოლო თვეებში ტელეფონით ამხნევებდა მათ და ბოლომდე დარჩა უკრაინის დიდ მეგობრად.
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.
„ოცნების“ ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.
ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების“ სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.