ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დავაკავეთ - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აჭარის რეგიონში ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

უწყების განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ/სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები“:

„ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას“, – აცხადებს სუსი.

უწყება ამბობს, რომ გამთენიისას წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.