ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან, უნდა მივცეთ ლეგალურად საქმის კეთების საშუალება - დავითაშვილი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მიუხედავად ეროვნებისა, ყველა ადამიანს ექნება კანონიერად საქმის კეთების საშუალება საქართველოში.

„რუსეთის მოქალაქეები, ვინც დღეს საქართველოში მოდიან… საქართველო არის ერთ-ერთი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და არის გახსნილი, და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ჩვენ მოვიზიდოთ უფრო მეტი ადამიანი საქმიანობისთვის. ასეთი გახსნილი, ლიბერალური… მათ შორის, სავაჭრო რეჟიმი გვაქვს, ზოგადად, ქვეყანას.

ანუ ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან რეალურად და ცდილობენ, რომ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად… იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, ჩვენი ტოლერანტობა ეგეთი იყო ყოველთვის… ჩვენ ეროვნების მიუხედავად ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად,  უნდა მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ისინი ძალიან ფხიზლად უყურებენ, და ყველა ორგანო, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესი.