ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე უარი ვთქვით – კეკელიძე

პუბლიკა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი სოციალურ ქსელში საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ბიბლიოთეკის დირექტორს რუსეთიდან ჩამოსული კულტურის უწყების რამდენიმე წარმომადგენელი ორჯერ შეხვდა და ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის საკითხზე ესაუბრა. კეკელიძის თქმით, ბიბლიოთეკამ ორივეჯერ უარი უთხრა რუსეთიდან ჩამოსული კულტურის უწყების წარმომადგენლებს.

„ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.
დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.
მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“, – წერს კეკელიძე.