ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს - გაგა ჩხეიძე

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებში გაისმა კრიტიკა, რომ თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. ჩხეიძის განცხადებით, კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ კინოცენტრის დადებით როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. კინოცენტრის დირქტორი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია. მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა.

„ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს“, – აცხადებს გაგა ჩხეიძე.

„პუბლიკა“ კინოცენტრის დირექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნულ კინოცენტრს წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. 2000 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რომელმაც ფუნქციონირება 2001 წლის აპრილში დაიწყო.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული კინოს უახლეს ისტორიაში, არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოში გაჩნდა კინოს მხარდამჭერი სახელმწიფო ინსტიტუცია, არამედ იმიტომაც, რომ ამ აქტით სახელმწიფო დაემშვიდობა კინოს დაფინანსების საბჭოთა სისტემას და ევროპული ანალოგის მიხედვით დააარსა ორგანიზაცია, რომელიც შერჩევთობის პრინციპით მოქმედებს და სახელმწიფო სუბსიდიებს გასცემს როგორც ფილმების წარმოებისთვის, ისე საგანმანათლებლო, სადისტრიბუციო, საგამომცემლო პროექტებისთვის, ასევე მხარს უჭერს ქართული კინოს ექსპორტს საზღვარგარეთ და ზრუნავს ქართული კინომემკვიდრეობის შენარჩუნებასა და აღდგენაზე. ეროვნული კინოცენტრი არის საქართველოს მთელი კინოსაზოგადოების მონაპოვარი.

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს კინოს პოლიტიკას და მოქმედებს „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონისა და სამი ძირითადი დებულების საფუძველზე. ამ დებულებებში ზუსტად არის გაწერილი კინოცენტრის საქმიანობის ძირითადი ასპექტები, კონკურსების ჩატარების და კომისიების შექმნის წესები. ამავე დროს ეროვნული კინოცენტრი აცნობიერებს, რომ კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი და მისი დახვეწა მუდმივად უნდა ხდებოდეს. ამიტომ ის ღიაა კინოსექტორთან თანამშრომლობისთვის.

ეროვნული კინოცენტრი, როგორც სახელმწიფოში არსებული მთავარი კინოინსტიტუცია, არსებობს მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კინო სახელმწიფო ზრუნვის საგანია. ეს არის სახელმწიფო დახმარების აპრობირებული სისტემა, რომლის დადებითი ეფექტი კინოს განვითარებისთვის ეჭვგარეშეა. თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე საქართველოს კინოცენტრმაც უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული კინემატოგრაფის აღორძინების საქმეში. 90-იანი წლების კრიზისი წარსულს ჩაბარდა, ქართული კინო გამოვიდა იზოლაციიდან, ჩაერთო მსოფლიო კინოპროცესებში და მიაღწია როგორც საფესტივალო, ისე კომერციულ წარმატებებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული კინოცენტრის, როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური სააგენტოს არსებობა. ის თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური წნეხისგან და მის საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი პირი უნდა იყოს სრულიად მიუკერძოებელი. ის უნდა იყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის და კინოცენტრის რესურსების მიზნობრივად და ოპტიმალურად განაწილების გარანტი.

ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებებში აქა-იქ გაისმა კრიტიკა, თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მის დადებითი როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია, აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაფინანსების არსებულ სისტემაზე და ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს.
მოვუწოდებ ქართველ კინემატოგრაფისტებს, მხარში ამოუდგნენ ეროვნულ კინოცენტრს, გაერთიანებული ძალებით იზრუნონ მის როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ფინანსურ გაძლიერებაზე.

ეროვნულ კინოცენტრს დღეს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათგან უმთავრესია ბიუჯეტის რადიკალური გაზრდა, რადგან ქართული კინოწარმოებისთვის დღეს გამოყოფილი სრულიად არაადექვატური დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს კინოსექტორის მზარდ მოთხოვნებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეროვნულ კინოცენტრს ჰქონდეს საკუთარი შენობა, რომელიც მორგებული იქნება მის საქმიანობაზე, ექნება კინოდარბაზი, კინობიბლიოთეკა, ფილმოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, და აქედან გამომდინარე, მიმზიდველ სივრცედ იქცევა ყველა კინემატოგრაფისტისთვის“, – აცხადებს გაგა ჩხეიძე.