საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, 16 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო შოკის ფონზე ჩვენ აქტიურები ვართ ბაზარზე. ასე იქნება მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში. ის მიდგომა, რომელიც სებ-ს აქვს, პანდემიიდან გამომდინარეა, სხვა შემთხვევაში პოლიტიკა გაგრძელდებოდა ისევ ისე, როგორც იყო ადრე. როგორც კი პანდემია დამთავრდება და ეკონომიკა გაჯანსაღებულ სისტემაზე გადავა, სები კვლავ გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რაც არის მოქნილი გაცვლითი კურსი“, – განმარტა გვენეტაძემ. მანვე განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდი დახმარება მოიძია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორებისგან. მოძიებულ თანხას საქართველო სხვადასხვა სექტორს და სოციალურ დახმარებებს მოახმარს.
„ამ დახმარების მოზიდვა უცხოურ ვალუტაში ხდება, ხოლო ხარჯვა – ეროვნულ ვალუტაში. მოზიდული სახსრები მიემართება და ზრდის ეროვნული ბანკის რეზერვებს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად მიეწოდება სავალუტო ბაზარს შემცირებული ტურისტული შემოსავლების შედეგად სავალუტო ბაზრებზე არსებული წნეხის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად.
სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მლნ დოლარი. ჩვენ ამ უპრეცედენტო წელს ბაზარს მივაწვდით საჭიროების შემთხვევაში რესურსებს. დღესაც გამოიტანს სები 40 მლნ დოლარს. ყოველდღიურ ვაჭრობაში ეროვნული ბანკი მიაწვდის ვალუტას ბაზარს. ეს ხდებოდა ადრე და ასე ხდება ბოლო რამდენიმე დღეა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.