საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იქნება.
ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
„მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება.
რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება.
ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია.
ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების გამო, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, “- ამბობენ ბანკში.
ბანკში ამბობენ, რომ კიდევ უფრო გააქტიურებული ინფლაციური რისკების ფონზე და ხანგრძლივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდა.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება, “- ამბობენ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება.