საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.
“რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.
საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია”, — აღნიშნავს უწყება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.
უწყების თქმით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია იქნება, თუმცა იმაზე ნელი ტემპით ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. ბანკის ამჟამინდელი პროგნოზით, ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.
“მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.
თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, — წერია განცხადებაში.