საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
სებ-ის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის [16:48], განცხადებას ხელს 177 ადამიანი აწერს, თუმცა სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, განცხადებას შეუერთდეს. შესაბამისად, ხელმომწერთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.