ეროვნული გამოცდები 29 362-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, გრანტი კი 6 500-მა მოიპოვა -NAEC

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29 362-მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

NAEC-ის ცნობით, სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4 200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ცენტრის განცხადებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. მათი თქმით, ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა – ცენტრში სულ 3355 სააპელაციო განაცხადი შევიდა, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში.

„2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 25 საგამოცდო ცენტრი. 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო უპრეცედენტო რაოდენობის სესიების უსაფრთხოდ ორგანიზება და ჩატარება – დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა 600-ზე მეტი მონაწილისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. მათგან აბიტურიენტი იყო 200-ზე მეტი“, – ვკითხულობთ NAEC-ის განცხადებაში.