ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებში ცვლილებები შევიდა

პუბლიკა

განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ გამართვის წესებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, წესები დაზუსტდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ნებადართულია მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება, მინიმუმ, 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

უწყებაში ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, გამოცდის წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარები, თერმოსკრინინგი საშუალებას იძლევა, აბიტურიენტებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ წერის შესაძლებლობა. ასევე, ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.  ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის  გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, შენარჩუნდეს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე;
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი იზრდება;
  • დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რეცირკულაცია.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.