განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ IPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო და ცვლილებები ფორმატის და ვადების ნაწილში ამ ეტაპზე არ განიხილება.
მისი თქმით, სამინისტრო მიჰყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და ყველა გადაწყვეტილება იქნება მოსწავლის და აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებით.
„ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.