ეროვნული მუზეუმი რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსებაზე უარს ამბობს - სალაძე

პუბლიკა

იურისტი სულხან სალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორისთვის, ჯაბა სამუშიასთვის გაგზავნილ წერილს, რომელსაც ხელს აწერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერიის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი.

წერილში ნიკა ახალბედაშვილი წერს, რომ ეროვნული მუზეუმის დებულებაში კულტურის მინისტრის ბრძანებით შევიდა ცვლილება და ეროვნული მუზეუმის მმართველ ორგანოდ განისაზღვრა დირექტორატი, რომლის წევრებიც არიან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორები, მათ შორის, თვითონაც.

ახალბედაშვილის თქმით, მიუხედავად ამ ცვლილებისა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დირექტორატის წევრების გვერდის ავლით, 2021 წლის მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დასაფინანსებელი პროექტები გააგზავნა. ახალბედაშვილის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე დირექტორატის წევრებმა „შემთხვევით შეიტყვეს“, 2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც პროექტებიდან 13-მა მიიღო დაფინანსება და ინფორმაცია საჯარო გახდა.

„მოცემული ვითარება მით უფრო მიუღებელია, რომ 13 საგრანტო პროექტიდან რამდენიმე იმ მუზეუმთა ჯგუფის ფონდებში კვლევას გულისხმობს, რომელთა მართვაზეც მე გახლავართ პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია წერილში.

გარდა ამისა, ნიკა ახალბედაშვილი წერილში წერს, რომ ეროვნული მუზეუმის დებულებაში, მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა, რომ მიღბული გრანტის თანხის გამოთხოვის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დირექტორატმა, მიუხედავად ნორმატიული აქტის იმპერატიული მოთხოვნისა.

„2022 წლის 7 თებერვლის წერილით თქვენ მოგმართათ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა კვლავ დირექტორატის გვერდის ავლით და წარმოგიდგინათ ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ და მოგმართათ თხოვნით, საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებისთვის გაფორმებულიყო ხელშეკრულებები. აღნიშნული მომართვის წერილი, ისევე როგორც თავდაპირველად გამოგზავნილი პროექტები წარმოდგენილია ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევით“, – წერია წერილში.

ნიკა ახალბედაშვილი ამავე წერილში წერს, რომ ზემოაღნიშნული მიზეზებით 7 თებერვალს შეიკრიბა ეროვნული მუზეუმის დირექტორატი და იმსჯელა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მიერ დირექტორატის გვერდის ავლით ფონდში შეტანილ 13 პროექტზე გრანტის თანხების გამოთხოვის მიზანშეწონილობაზე.

„დირექტორატის წევრებმა, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინეს, რომ როგორც საგრანტო პროექტები, ასევე 2022 წლის 7 თებერვლის გენერალური დირექტორის მომართვის წერილი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გამოგზავნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რის გამოც არც ერთ პროექტზე თქვენი ფონდიდან გრანტის თანხის გამოთხოვა არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად“, – წერია წერილში.

იურისტ სულხან სალაძის შეფასებით, დღეისთვის ეროვნული მუზეუმის ყველა პროექტი საფრთხეშია. ის აცხადებს, რომ დირექტორატის გადაწყვეტილება უკანონოა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მეცნიერებსა და სამუზეუმო საქმეზე თავდასხმა გრძელდება.

„ათეულობით მეცნიერი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს, ხოლო ეროვნულმა მუზეუმმა მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსება დაკარგოს“, – წერს სალაძე.

სულხან სალაძის Facebook-პოსტს გთავაზობთ სრულად:

  • „2022 წლის 28 იანვარს რუსთაველის ფონდმა გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა;
  • გამარჯვებულ პროექტებს შორის 13 პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის;
  • 13 პროექტში, მინიმუმ 2 პროექტია ისეთი, რომლის ავტორებიც სამუზეუმო სისტემიდან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული მეცნიერები არიან;

  • იმ მიზეზით, რომ ეს მეცნიერები, სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობისათვის არ დაბრუნებულიყვნენ, 2022 წლის 1 თებერვალს, თეა წულუკიანმა მორიგი უკანონო ბრძანება გამოსცა. შედეგად, ეროვნული მუზეუმის დებულებაში ჩაიწერა, რომ მუზეუმის ფონდებში კვლევითი მიზნებისათვის მეცნიერების და თანამშრომლების დაშვება, მხოლოდ მუზეუმის დირექტორატის თანხმობით უნდა განხორციელებულიყო. ისიც სამინისტროსთვის (ანუ მინისტრისთვის) შეტყობინების საფუძველზე;

  • 2022 წლის 7 თებერვალს, ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომაზე განიხილებოდა იმ 13 პროექტზე უარის თქმის საკითხი, რომლებიც რუსთაველის ფონდის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აბსურდული იდეა იყო, მუზეუმის დირექტორატმა, თეა წულუკიანის მიერ დანიშნული უმრავლესობის წყალობით გადაწყვიტა, რომ რუსთაველის ფონდისთვის 13-ვე პროექტზე უარის თქმის შესახებ ეცნობებინა. გადაწყვეტილებას მხოლოდ, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე არ დაეთანხმა;

  • 2022 წლის 9 თებერვალს, ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, პირადი ინიციატივით, უკანონოდ, ისე რომ ამის უფლებამოსლება არ გააჩნდა, ეროვნული მუზეუმის დირექტორის გადაწყვეტილების შესახებ რუსთაველის ფონდს შეტყობინება გაუგზავნა. ეროვნული მუზეუმი რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ 13-ვე პროექტის დაფინანსებაზე ამბობს უარს.

შესაბამისად, დღეისათვის, ეროვნული მუზეუმის ყველა პროექტი საფრთხეშია. დირექტორატის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მეცნიერებასა და სამუზეუმო საქმეზე თავდასხმა გრძელდება. ათეულობით მეცნიერი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს, ხოლო ეროვნულმა მუზეუმმა მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსება დაკარგოს“, – წერს იურისტი.