ეროვნული მუზეუმი წიქარიძეზე: არ განვიხილავთ ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმი ნიკოლოზ წიქარიძის შესახებ აცხადებს, რომ „რომ არ განიხილავს და არც მომავალში აპირებს განიხილოს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას”.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძის გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

თუმცა, ნიკოლოზ წიქარიძე სასამართლოს პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც სთხოვდა. ამ ნაწილში სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ასევე, აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მუზეუმიც მიმართავს და გადაწყვეტილების ამ ნაწილს გაასაჩივრებს.

მუზეუმის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ „რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება”.

ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძე, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზით, 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს. ნიკოლოზ წიქარიძის შეფასებით, ეროვნული მუზეუმიდან მისი გათავისუფლება წულუკიანის სამუზეუმო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდებოდა.

ბოლო ერთის განმავლობაში ეს უკვე მესამე საქმეა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმიდან გათავისუფლების თაობაზე ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. 5 მარტს კი, მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება ცნო უკანონოდ. 

2021 წლის მაისიდან, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან 100-მდე ადამიანი გათავისუფლდა, რომელთა უმრავლესობამ სასამართლოს მიმართა.