ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა შრომითი დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა დინარა ვაჩნაძემ შრომითი დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო, – ინფორმაციას ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

„მოპასუხე სადავოდ ხდიდა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაცია წერს, რომ მოსარჩელე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს.