ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი თეონა ჯაყელი დაინიშნა. ამის შესახებ კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
დირექტორატის გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დანიშვნის ბრძანებას გამოსცემს, რომელიც 19 მარტიდან შევა ძალაში.
როგორც სამინისტრო ამბობს, გენერალური დირექტორის მოადგილე მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ასევე 19 მარტიდან შეუდგება.
ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ 7 მარტს დაინიშნა.