ეროვნული სულისკვეთება სკოლის სახელმძღვანელოებში უფრო მეტად უნდა იყოს - წულუკიანი

პუბლიკა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში უფრო მეტად უნდა იყოს ეროვნული სულისკვეთება.

„ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოებში, როგორც ამბობენ,  არაერთი ცდომილება და ფაქტობრივი შეცდომა, როცა საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს ისტორიას. არის თემები, რაზეც ჩვენ გამოძიებებიც დავიწყეთ და სახელმძღვანელოები ამ თემებზე სხვანაირად საუბრობენ. ეს ფაქტობრივი ცდომილებები შეიძლება ჩვენ გვეჩვენება და არ არის. ამიტომ, თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ,  სახელმძღვანელოებში რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მან პარლამენტს კითხვითაც მიმართა, ხომ არ იყო საჭირო სახელმძღვანელოების ზოგიერთი იმ ადგილის გადახედვა, რომელიც კრიტიკას იწვევს მშობლების მხრიდან და არამხოლოდ.

„მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ამ სახელმძღვანელოებში…. არ არის-მეთქი არ ვიტყვი, რადგან ეს უსამართლობა იქნებოდა და ჩვენივე შრომის დაკნინება, მაგრამ უფრო მეტად უნდა იყოს ის, რაც არის ჩვენთვის მთავარი – ეს არის ეროვნული სულისკვეთება სახელმძღვანელოებში. ეროვნული თვითშეგნების გარეშე შეუძლებელია, გაიმარჯვოს დიდ ბრძოლაში ოკუპირებულმა პატარა ქვეყანამ. ძნელი იქნება, რომ საქართველო, მით უმეტეს ოკუპირებული, იყოს ძლიერი, თუ მასში არ ცხოვრობენ თავისუფალი ახალგაზრდა თაობები, რომლებმაც იციან, საიდან მოდიან. თავისუფლება კი ძნელად მოდის მაშინ, როცა ზედაპირულ ცოდნასთან გვაქვს საქმე და როცა, ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს დაზეპირებული ცოდნის მოდა და ეს მოდად იქცა ნამდვილად“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქე თანამედროვეობასთან ჰარმონიაში მყოფ ახალგაზრდად წარმოუდგენია, ალბათ, ყველას და მისივე თქმით, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც იტყვის საპირისპიროს, რომ ქართველი ადამიანი მხოლოდ წარსულში უნდა იყურებოდეს.