ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წელს პირველად შეიკრიბა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.

„აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.

პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომა ბოლოს გაიმართა 2021 წლის 13 დეკემბერს.