საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება.
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.