დღეს, 23 ოქტომბერს, სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.
ბანკი აცხადებს, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ მიიღეს.
„ეს, თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას. ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან კურსზე მომდინარე ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინების მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.