სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.
გუშინ, 15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. მათივე თქმით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ, სეზონური სამუშაოები კი 1 აპრილიდან დაიწყება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
-
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
-
ფიზიკური ჯანმრთელობა;
-
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
-
ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
-
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, პროგრამაზე რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/