ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება - პრემიერი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე

პუბლიკა

„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

„ყველამ იცის მგონი მიზეზი […] მე მგონი კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება ხომ ასეა?! და ბევრი სხვა მიზეზი […] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე საუბრისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის გამო. პრემიერის მტკიცებით, იმ დროს „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ 2008 წლის ომი თავიდან აერიდებინათ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება. ჩვენ რომ ვყოფილიყავით მთავრობაში, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლე ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ პატარა ქვეყანაა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც NATO-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ის ომი დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა „სტრატეგიული მოთმინების“ მიდგომა, რის შედეგადაც ეს არის ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან, როცა ქვეყანაში ომი არ ყოფილა.

„ყველა ქართველის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. როცა 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ დავგეგმეთ ახალი მიდგომა – სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ.

საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კილომეტრი რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენ ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა.

თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის არსებობისას არის ერთადერთი პერიოდი, როცა ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. სხვა მთავრობების პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვაქვს ომი, ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემ პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა 2008 წლის ომის შესახებ საუბრისას დასავლეთიც გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით ნაწილობრივ იმითაც არის განპირობებული, რომ დასავლეთმა რუსეთს 2008 წლის შემდეგ სანქციები არ დაუწესა.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყრადღება. იმ აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. – უნდა დაეწესებინათ? – ასე მწამს. ჩვენთვის რა განსხვავებაა? ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ფორუმზე ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონზეც დაუსვეს შეკითხვა, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავდა. ღარიბაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია და „უფრო სერიოზულ საკითხებზე“ სურს ყურადღების გამახვილება.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გადაიჭრა?! ეს კანონპროექტი გაწვეულ იქნა, დავხურეთ თავი. აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე. ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იყო განხილული მსგავის კანონის მიღება“, – თქვა ღარიბაშვილმა.