ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი ბიზნების ამოქმედება.
„მინდა, ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ გათვალისწინებით იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა, და ვითარებისა, როცა, პრაქტიკულად, შევდივართ კრიტიკულ მდგომარეობაში და განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას. იმ ბიზნესების, ვინც დროებით შეჩერდა და ემზადება იმისთვის, რომ, ადრე თუ გვიან, დაიწყოს ისევ მუშაობა.
სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესის მონიტორინგი და გადამოწმება. გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ. იმისათვის, რომ, როცა მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ შემაკავებელი ღონისძიებების შერბილება, ყველა ბიზნესი იყოს მზად.
ერთ-ერთი პრიორიტეტი, როცა ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას, იქნება სწორედ ონლაინვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია ონლაინვაჭრობით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, დაახლოებით 300-მდე კომპანია და ბიზნესი შემოწმდა უკვე, რამდენად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.