საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტელეკომპანია პირველის” ეთერში სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი სახელფასო ფონდებსა და სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.
„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში”,- განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად დაფინანსების სახით გამოყოფილი 25 მილიონი ლარი სინამდვილეში თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს.
„ეს 25 მილიონი როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, – განაცხადა დეკანოზმა.
საპატრიარქოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სახით გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან არც ერთი თეთრი მანქანებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პირადი მოხმარების საგნებზე არ იხარჯება, შესაბამისად, დეკანოზი მიიჩნევს რომ სახელმწიფო საპატრიარქოს მეტად უნდა აფინანსებდეს.
„თუ იქნება უფრო მეტი ჩვენ გვექნება უფრო წარმატებული სკოლები. არც ერთი მანქანა ამ ფულით არ არის ნაყიდი, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის ამ ფულით განხორციელებული, არც ერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე, გარდა სახელფასო ფონდისა” , – განაცხადა დეკანოზმა.