ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას დეოლიგარქიზაციისთვის - ღარიბაშვილი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე, რომლისთვისაც მიიღებენ სამოქმედო გეგმას.

„რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ამაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან, მე პირადად ვესაუბრე ჩვენს კოლეგებს, გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, არ მივიღეთ კანონი. ახლა ვმუშაობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულსკვეთებას“, – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ მიიღო, დღეს კი დავით უსუფაშვილმა განაცხადა,  რომ „მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები“.