ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რაც უფრო მეტია შიმშილობაზე აურზაური, უფრო ფერხდება პატიმარი, განაახლოს კვება - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე.

ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყველა პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.