ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც წარმოთქვა.
მისი თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში”.
როგორც თალაკვაძე ამბობს, წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით – „უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები”.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით, მედიცინის მუშაკთა ძალისხმევით და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი.
„ჩვენ ერთად შევძელით, რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით. ამიტომ ამ ისტორიულ და ემოციურად ამაღლებულ დღეს, მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი საამაყო ჯარისკაცები, ექიმებთან და პოლიციელებთან ერთად, წინა ხაზზე იმყოფებოდნენ პანდემიის შესაჩერებლად”. – განაცხადა თალაკვაძემ.