პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება, აცხადებს, რომ ელჩების დანიშვნის ნაწილში მან გაპრეზიდენტებიდან ელჩების წარდგენის 37 განცხადებიდან 36 განცხადებას მოაწერა ხელი, გარდა გაეროში დავით ბაქრაძის წარდგინების განცხადებისა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დავით ბაქრაძის წარდგენა ერთი კვირის წინ, 15 ივლისს მიიღო, საკონსტიტუციო სარჩელი კი სასამართლოში 7 ივნისს შევიდა.
„დღის თემასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის გაეროში მის დანიშვნას არ ეთანხმება.
„ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-პრეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა.
ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან და ბრიუსელთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც თქვა, რომ მან ხელისუფლებას ბაქრაძის კანადაში გამწესება შესთავაზა, რაზე პასუხადაც მიიღო, რომ ის გაეროში უნდა დაინიშნოს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა არგუმენტების წარდგენა მოითხოვა.
რაც შეეხება საფრანგეთის უკვე ყოფილ ელჩს, რომელსაც „ოცნების“ წევრებმა კომპეტენცია დაუწუნეს და მის დანიშვნაში პრეზიდენტი დაადანაშაულეს, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ საფრანგეთში ელჩი 7 თვის განმავლობაში იმის გამო არ იყო დანიშნული, რომ „ვერ მონახეს ფრანგულენოვანი ელჩი“.
ამის შემდეგ, ზურაბიშვილის თქმით, თავად ეძებდა კომპეტენტურ ქალ დიპლომატებს და იპოვა თეა კატუკია, რომელმაც გაიარა გასაუბრება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ ბახტაძესთან, რის შემდეგაც დაინიშნა ელჩად საფრანგეთში.
„რჩება ერთი ბაქრაძის პრობლემა, ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, რადგან 15 ივლისის წერილია, რამდენიმე დღის. ვნახოთ, როგორი მოქმედება ან უმოქმედობა მექნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ვიზიტების ნაწილს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე აუცილებელი იყო. მისი თქმით, ამ ნაწილში მას კონსტიტუცია არ დაუღვევა, რადგან საფრანგეთში ემანუელ მაკრონს კერძო ვიზიტით შეხვდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ასრულებს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. მისი თქმით, ამ მუხლს ხელისუფლება არღვევს.
„მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის [78-ე მუხლი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია], რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. და სხვათა შორის ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა… ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავაზე სარჩელით მიმართა. მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.