სამი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თაობაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნება, ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია.
„ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების (იმედი, პოს ტივი თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების (ქართული ოცნება, ხალხის ძალა თუ სხვა), თუ ე.წ. „ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია გაჩაღებული აქვთ ღიად ანტი-დასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება ქართული ოცნების მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით), “- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, როგორც პარტიებში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და ქართული ოცნების რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოიწყო, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უდგას.
„ეკონომიკური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები) კვლავ რჩება მოქალაქეთა მთავარ გამოწვევად. სწორედ დასავლეთისკენ სწრაფი ნაბიჯით სვლა არის ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ევროკავშირი და ნატოა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რასაც წინ ეღობება პრორუსული ქართული ოცნება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 12 პუნქტის უპირობო და რეალური შესრულება.
პრორუსული „ქართული ოცნება“ კი, არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რომლებიც პირიქით, გვაშორებს კანდიდატის სტატუსს და გვიკლავს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას:
-
მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეყვანა, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების შესახებ მუხლს და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას
-
ე.წ. დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის გადმოღება, რომელზეც წინასწარ ცნობილია, რომ არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებად
-
ბუტაფორიული ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელზეც ასევე წინასწარაა ცნობილი, რომ არ ჩაითვლება შესაბამისი პუნქტის შესრულებად
-
ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შესახებ არსებულ პუნქტს და სხვა, “- ნათქვამია განცხადებაში.
პარტიებში ამბობენ, რომ პარტიული ინტერესებით მოქმედი ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს შესთავაზოს გამოსავალი მოსახლეობას, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რადგან გაუგებარია, როგორ შეძლებს ესა თუ ის პარტია ინდივიდუალურად პრორუსული რეჟიმის დამარცხებას, ძალაუფლების მოპოვებას და ამ პრობლემების მოგვარებას.
„ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ფლანგის სწრაფი კონსოლიდაციაა. წინასაარჩევნოდ, 3 ან 4 თვით ადრე ხელოვნური გაერთიანება, გამოიწვევს პროცესისადმი უნდობლობას და ივანიშვილის მმართველობის გახანგძლივებას“, – ნათქვამია განცხადებაში.