ერთადერთი გზა რაც ამ ეტაპზე რჩება, არის ბრძოლა ბოლომდე - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „ამ ეტაპზე“ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ვერ მოხდება. Facebook-ზე გაკეთებულ ჩართვაში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა არაერთხელ გამოხატა მზაობა წასულიყო კომპრომისებზე კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანიც უარს იტყოდა მის მიერ გაცხადებულ „მაქსიმალურ მიზნებზე“.

„თუმცა, რეალობა ისაა, რომ ის რაც ამ კონტექსტში მისაღებია სომხეთისთვის, მიუღებელია აზერბაიჯანისთვის“, – თქვა სომხეთის პრემიერმა. „ეს გვაჩვენებს, რომ უსაგნოა როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესახებ საუბარი“, – დასძენს ფაშინიანი.

როგორც OC Media წერს, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ერთადერთი გზა რაც ახლა რჩება, არის ბრძოლა ბოლომდე, ყოველგვარი ყოყმანისა და უკან დახევის გარეშე. „რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხის უფლებებისთვის“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ით ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის, ქალაქების საკრებულოებს, სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს მიმართა და მოუწოდა ჩამოაყალიბონ მოხალისთა ბატალიონები, რომლებიც შეარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დაექვემდებარებიან. მისი თქმით, ეს იქნება ამ კონფლიქტის გარდამტეხი მომენტი.

ნიკოლ ფაშინიანმა ინტერნეტ მიმართვაში რუსეთის შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშნველობას. „რუსეთი, როგორც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აქამდე ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება უკვე 25 დღეა გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლების დაკავება შეძლო და სომხეთის პოზიციები შეავიწროვა. სომხეთის ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია ასობით სამხედრო და ათობით სამოქალაქო პირი.