ერთადერთი ხელოვნური წარმონაქმნი საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო - გალერი მედვედევს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ტექსტს ეხმაურება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე  წერდა, რომ საქართველო, როგორც ასეთი, 1801 წლისთვის არ არსებობდა და ის რუსული იმპერიის ქვეშ შეიქმნა. ყაზახეთი კი ხელოვნური სახელმწიფოა.

მაიკლ გალერი კი მედვედევის საპასუხოდ წერს, რომ ერთადერთი ხელოვნური წარმონაქმნი „რუსეთის საბჭოთა კოლონიური იმპერია იყო“.

„დასავლეთში ყველა, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, უნდა მოეშვას ილუზიებს, რომ რუსეთის ამ რეჟიმთან ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდებიან. ვუსმენთ რა მედვედევს, რომ თითქოსდა საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური წარმონაქმნი საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო“, – წერს მაიკლ გალერი.


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში 1 აგვისტოს გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ასეთი, 1801 წლისთვის არ არსებობდა.

გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველო 5 ცალკეულ სუბიექტად იყო დაყოფილი და ამ საზღვრებში რუსული იმპერიის ქვეშ ჩამოყალიბდა. მომავალში კი ის ისევ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

„ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება გაერთიანდნენ“, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა.

მედვედევის გავრცელებულ ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე არ უნდა შეჩერდეს და საქართველოსთან ერთად რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ყაზახეთსაც მოიაზრებს, სადაც „წესრიგი მანამდე არ დამყარდება, სანამ იქ რუსეთი არ შევა“. ტექსტის მიხედვით, ყაზახეთი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა კი მისი ხელისუფლება იქ სხვადასხვა ხალხს ასახლებს, რაც რუსების გენოციდად შეიძლება შეფასდეს.

მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მედვედევის თანაშემწე კი ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხილი იყო. ამის შესახებ მან პროკრემლისტურ რუსულ გამოცემებთან განაცხადა.