ერთადერთი ლეგიტიმური გზა, სამწუხაროდ დარჩა ბოიკოტი - გიგი უგულავა

პუბლიკა

„ერთადერთი ლეგიტიმური გზა, სამწუხაროდ, დარჩა ბოიკოტი“, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განსხვავებული აზრი არის, [რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას] მიაჩნია, რომ განცხადებების დაწერა დაყოვნდეს, მაგრამ პრინციპული პოზიციაა, რომ კანონით განცხადების დაწერა უწევს მას შემდეგ, რაც სიები ჩაიხსნება. ერთადერთი ლეგიტიმური გზა დარჩა ბოიკოტი, ბოიკოტის მიღმა სხვა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, – განაცხადა უგულავამ.

„თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივრთ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს – იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს,რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა. მეორე – კანონით 16-17 დეკემბერს ყველა ის ფორმალურად გასული დეპუტატი ინდივიდუალურად დაწერს განცხადებას და დატოვებს პარლამენტს”, – განაცხადა უგულავამ.

ცოტა ხნის წინ, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.