„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის წინააღმდეგ კამპანიას სალომე სამადაშვილი და ენმ-ის წევრები უდგანან სათავეში.
„დღეს თუ არის გამორჩეული სალომე სამადაშვილი ამ კუთხით, ლიდერია ამ თვალსაზრისით ანუ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედებებით, ვიზალიბერალიზაციის დროს [გიორგი] კანდელაკი იყო მაშინ ლიდერი, ახლა სამადაშვილი და ნაცმოძრაობიდან მისი მეგობრები არიან ამ კამპანიის ლიდერები. ეს არის, პირდაპირ ვიტყვი, მოღალატეობრივი ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.
„იმედი LIVE-ში“ კობახიძე აცხადებს, რომ ამ კამპანიის დროს ოპოზიციის მესიჯბოქსია, რომ წელიწად-ნახევარში საქართველომ განიცადა დემოკრატიული უკსვლა.
„ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. ერთადერთი ჩვენი „დანაშაული“ არის ის, რომ არ გადავაბარეთ.
სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი, რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და სასამართლო არ მივეცით. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი.
ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს – ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძრაობისთვის პარლამენტი, ანუ, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს იყო მათი მოთხოვნა, ასეთი სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული.
მეორე – პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით“, – განაცხადა მან.
წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს სასამართლოს არდათმობაში, კობახიძე ამბობს, რომ გარდა 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაწერილი პუნქტებისა, ოპოზიციას ჰქონდა სხვადასხვა შეთავაზება:
„შემოთავაზების დონეზე გაჟღერდა სხვადასხვა მხრიდან, მაგალითად შეთავაზება, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა იყვნენ არჩეულნი 2/3-ით; ან იუსტიციის საბჭოში როცა ტარდება კენჭისყრა, მოსამართლეები უნდა იყვნენ ნომინირებულნი მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით და იქაც ოპოზიციაა ჩართული ამ არამოსამართლე წევრბის არჩევაში.
როდესაც შენ გაქვს დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება, ასეთ დროს ოპოზიციას ლოგიკურად შეჰყავს თავისი წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში. ეს იყო მათი რეალური ამოცანა და რეალური მიზანი.
ნაცვლად იმისა, რომ კონკურსის საფუძველზე ჩატარებულიყო პროცედურა და ჯანსაღი პროცესით შერჩეულიყვნენ მოსამართლეები, წავიდა ვაჭრობა იმისთვის, რომ სისტემაში შეეყვანა საკუთარი მოსამართლეები და ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს ნაცმოძრაობის მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო და ნაცმოძრაობის გავლენა სისტემაზე
წარმოიდგინეთ, უზენაეს სასამართლოში ნაცმოძრაობას რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე ან სააპელაციო სასამართლოში რომ ჰყავდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას. მარტივად, ერთი უსამართლო ქეისით შეგიძლია, მთელი აფეთქება გამოიწვიოს. თქვენ გახსოვთ კონკრეტული სასამართლო ქეისები, რომლებმაც აფეთქება გამოიწვია და იქაც გარკვეული ეჭვი გვქონდა ჩვენ რა და როგორ, თუმცა ამ დეტალებში აღარ შევალ.
სასამართლოში თუ გყავს შენ შენი ხალხი, რაც ჰყავდათ მათ 2015 წლამდე, რაც ვერ მოახერხეს ამის ბოლომდე ეფექტურად გამოყენება, გახსოვთ, ჯერ კიდევ კუბლაშვილი იყო მათი უზენაესის თავმჯდომარე და ა.შ. იგივე უნდოდათ უფრო დიდი მასშტაბით, რაც ნიშნავს სასამართლო სისტემის პოლიტიზებას, რაც სერიოზულ რისკს უქმნიდა მთლიანად ხელისუფლების სისტემას და საბოტაჟის ახალი რისკი იქმნებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „ოცნების“ ამოცანა არაა, სასამართლო სისტემაში თავისი ხალხი ჰყავდეს, მათი ამოცანაა მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცედურა.