ერთადერთი, რაც სჭირდება შიმშილობის შემდეგ, საკვების სათანადო დოზირებაა | კობახიძე

პუბლიკა

ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მულტიფუნქციური კლინიკა არ სჭირდება, მით უფრო, შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

„შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მით უმეტეს, არავის არ სჭირდება მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა სარეაბილიტაციოდ. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ეს არის სათანადო დოზირება საკვების.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ვხედავთ სერიოზულ რისკს, უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკი სერიოზულია“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უპასუხა:

„მე ამ დეტალებში არ შევალ – მოიტაცებენ, თუ არ მოიტაცებენ. მე მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ, მცდელობის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას სერიოზული საფრთხე. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, როცა მას ეს საერთოდ არ სჭირდება.“ – ამბობს კობახიძე.