ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, გეოგრაფიაა და ამაზე აქცენტი სამწუხაროა - კობახიძე მაკრონის განცხადებაზე

პუბლიკა

„ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების საპასუხოდ.

„პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას კობახიძეს წამყვანმა ჰკითხა, რას ნიშნავს ემანუელ მაკრონის განცხადება საქართველოს განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ადგილზე და იმ ფონზე, როცა  ევროპელი ლიდერები უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოს არ ახსენებენ, ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე.

შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წამოვიდა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე რიტორიკა, რადგან გეოგრაფიას ხელისუფლება ვერ შეცვლის და შესაძლოა, ამ მიზეზით შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის და შემდგომში წევრობის საკითხიც.

„2005 წელს, როცა იქმნდებოდა ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სქემა, სწორედ გეოგრაფიული მოტივით საქართველოს თავდაპირველად ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა  სქემის შემადგენელი.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა.

ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება.

არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა მე გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხელისუფლება გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ განცხადებებზე, კობახიძე ხუმრობით პასუხობს: „გეოგრაფიაზე არა“.


POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას მომავალ კვირაში გადაწყვეტილების მიღებამდე – მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“. მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებული ნაბიჯი იქნებოდა.