ერთეულია შემთხვევები, როდესაც ექიმის კონსულტაცია 1 ან 2 საათით დაგვიანდა – მეზვრიშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, შემთხვევები, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფ პირს ან ბინაზე მკურნალობისას ექიმთან კონსულტაცია დაუგვიანდა, ერთეულია და სისტემური ხასიათი არ აქვს.

„თვითზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება  და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზე არის ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც კონსულტაცია დაგვიანდა 1 ან 2 საათით. ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში პოსტავს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები. ამ დარღვევებს არ აქვთ სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას, რადგან ექიმები მუდმივად კონტაქტზე არიან კოვიდსასტუმროებში, თვითიზოლაციაში,თუ ბინაზე მყოფ პაციენტებთან. 11 033 პაციენტია აქტიური და მათთან ექიმები კონტაქტზე არიან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უმჯობესია, გამოიყენოს ოფიციალური წყაროები და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, ამის თქმას არ მოვერიდებით და გთხოვთ, გამოიყენოთ ის ინფორმაცია, რაც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდება“, – განაცხადა მან.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 337.